საქართველო 2027 წლის იუნიორთა ევროპის ტაეკვონდოს ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ემზადება
სპორტის სამინისტროში ტაეკვონდოს 2027 წლის იუნიორების ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
საქართველოს სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილმა და მოადგილემ, ირაკლი დოლაბერიძემ, ევროპის ტაეკვონდოს კავშირის სპორტულ დირექტორ იოანის მურუცოსთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე 2027 წელს საქართველოში იუნიორებს შორის ევროპის ჩემპიონატის ჩატარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
2027 წელს იუნიორების ევროპის ჩემპიონატთან ერთად სენიორებს შორის ოლიმპიურ წონით კატეგორიებში ევროპის ტურნირის ჩატარებაც იგეგმება. კონტინენტის პირველობასა და სალიცენზიო ასპარეზობაში 1000-ამდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ორივე ტურნირს თბილისი უმასპინძლებს.
ტურნირების საქართველოში ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილებას ევროპის ტაეკვონდოს კავშირი მიიღებს გამგეობის უახლოეს სხდომაზე.
სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრე თოდუა და ვიცე-პრეზიდენტი ლევან ფიოლია ესწრებოდნენ.










