საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სხდომა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
26 ივნისს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში, სეოკ-ის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის ხელმძღვანელობით, გაიმართა აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომლის მთავარი საკითხები საქართველოს პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შედეგების განხილვა და სენეგალის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მზადების მიმდინარეობა იყო.
ფესტივალის შეჯამების შესახებ ინფორმაცია აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ელგუჯა ბერიშვილმა წარუდგინეს.
აღინიშნა, რომ საქართველოს პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, ქვეყნის რეგიონების ნაკრები გუნდების მონაწილეობით, უპრეცედენტო მულტისპორტული ღონისძიება - მაღალი ორგანიზაციული და სპორტული დონით ჩატარდა. ხაზი გაესვა მის მნიშვნელობას ბავშვთა და ახალგაზრდული სპორტის განვითარებისთვის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის, ნიჭიერი სპორტსმენების აღმოჩენისა და რეგიონებს შორის ახალგაზრდების დაახლოების კუთხით.
განსაკუთრებით ხაზგასმით აღინიშნა, რომ ფესტივალის წარმატებით განხორციელებაში დიდი როლი ითამაშა საქართველოს მთავრობისა და სპორტის სამინისტროს სპორტისადმი უპრეცედენტო თანადგომამ, ფესტივალის წარმატებით ჩატარება ბევრწილად შესაძლებელი გახდა სპორტის ეროვნული ფედერაციების, რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებისა და მათი აპარატების, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელების, ადგილობრივი სპორტული სტრუქტურების დაინტერესებული ჩართულობითა და მონაწილეობით, საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების პოზიტიური შედეგები მნიშვნელოვნად განაპირობა ფესტივალის დასკვნით ეტაპზე მასპინძლების - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და ქალაქ ბათუმის ხელმძღვანელების, აჭარის მთავრობის, აჭარის განათლების და სპორტის სამინისტროს, ქალაქ ბათუმის მერიისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს - დახმარებამ და სრულმა მხარდაჭერამ.
აღინიშნა, რომ ფესტივალის იდეის ავტორი და მთავარი ორგანიზატორი იყო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი და მის მიერ შექმნილი საორგანიზაციო კომიტეტი, რომელმაც შეზღუდული დროისა და რესურსების პირობებში ქვეყნისთვის უპრეცედენტოდ მასშტაბური ღონისძიების წარმატებით განხორციელება შეძლო.
სეოკ-ის აღმასრულებელმა კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გაიმართოს და ქვეყნის სპორტულ კალენდარში მუდმივი ადგილი დაიმკვიდროს.
ასევე დამტკიცდა საორგანიზაციო კომიტეტის რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა: გამოიცეს ფესტივალის ამსახველი ალბომი-ცნობარი, სეოკ-ის სესიაზე დაჯილდოვდნენ ფესტივალის წარმატებაში განსაკუთრებული წვლილის მქონე ორგანიზაციები და პირები, ოლიმპიურ მუზეუმში მოეწყოს სპეციალური საგამოფენო-საინფორმაციო კუთხე, ხოლო მიმდინარე წლის დეკემბერში სეოკ-ის სესიაზე წარდგენილ იქნას ფესტივალის ყოვლისმომცველი ანგარიში.
სხდომაზე ასევე განიხილეს IV ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის (სენეგალი, დაკარი; 31 ოქტომბერი -13 ნოემბერი, 2026) საქართველოს დელეგაციის მზადების საკითხი, რომელსაც შესაბამისი სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გადაწყდა, რომ საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელი იქნება სეოკ-ის სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია.
საქართველოს ნაკრები დაკარის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე 13 სპორტსმენით იასპარეზებს სპორტის 9 სახეობაში: მძლეოსნობა, ფარიკაობა, კრივი, უშუ, ტაეკვონდო, მშვილდოსნობა, ძიუდო, ცურვა და ქვიშის ჭიდაობა.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, სპორტის სამინისტროსთან და შესაბამის სპორტულ ფედერაციებთან ერთად მაქსიმალურ პირობებს უქმნის თითოეულ სპორტმენს, რათა ღირსეულად წარდგნენ უმნიშვნელოვანეს ახალგარზდულ სპორტულ ფორუმზე სენეგალში.
